პრობლემა, რომელიც ავარიულ სკოლებში დაწყებულმა სამუშაოებმა შექმნა. შენობების ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება, ნაწილი კი თავიდან უნდა აშენდეს. მითითებული სკოლების მოსწავლეებს კი სამუშაოების დასრულებამდე სხვა სკოლებში უწევთ სიარული, რაც მშობლების პროტესტს იწვევს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც სხვა სკოლაში სიარული ტრანსპორტის გამოყოფას საჭიროებს. მშობლები სამუშაოების და შესაბამისი პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობენ და მშენებლობის დროულად დასრულებას მოითხოვენ. ფაქტია, რომ ზოგიერთი სკოლის აღდგენაზე, ან ახლით ჩანაცვლებაზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ცალკეულ შემთხვევებში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელა მიმდინარეობს. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ავარიული სკოლების მოსწავლეების მშობლებისთვის დღეს სპეციალური შეხვედრა გაიმართა. განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მშობლებს მიმდინარე სამუშაოების ეტაპები და გეგმა გააცნო.