სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში

თებერვალში ამოქმედებული სადავო კანონის რეზონანსული გაგრძელება.

„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ჟურნალისტს, პოლიტიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა. დავის საგანია სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის დეპუტატების მისამართით დაწერილი პოსტები. გელაძის უწყება რამდენიმე პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის სოლიდურ ჯარიმებს ან 45-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. კოდექსში შესაბამისი ცვლილება ოთხი თვის წინ შევიდა. ის, რაც უცხოეთიდან დაფინანსებულ სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივი რეაგირებაა ხელისუფლებისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და რეპრესიებად ფასდება მედიის ნაწილის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. საქმის მასალები სასამართლოში უკვე წარდგენილია – რამდენიმე პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნეს და დააჯარიმეს, სასამართლო სხდომების ნაწილი კი გადაიდო.