შსს-ს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას 10 000 ლარის სანაცვლოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოგვარებას დაპირდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა საპროცესო შეთანხმების უკეთესი პირობებით გაფორმების მიზნით, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.