შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადება

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ხვალიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიების ტერიტორიაზე. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით.