„ქართული ოცნების “ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა.
შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებაში ვკითხულობთ: „მოძრაობა აკრძალულია „თავისუფლების მოედანზე“ და „რუსთაველის გამზირზე“. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ: „რესპუბლიკის მოედანზე“, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე და ჩუღურეთის მიმართულებით; მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე, შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე. ასევე შეზღუდულია ავტომანქანების პარკირება გარკვეულ ქუჩებზე. მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.