„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის“ მოსმენა

ამ წუთებში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას ოპოზიციასთან ერთად დაინტერესებული პირები და ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

კანონპროექტის მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ერთ-ერთი ინიციატორი მაია ბითაძეა. ცვლილებები ითვალისწინებს როგორც შეზღუდვებსა და ვალდებულებებს, ისე საჯარიმო სანქციებს. როგორც ბითაძემ განმარტა, იგეგმება როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ძაღლების ერთიანი ელექტრონული სარეგისტრაციო ბაზის შექმნა, ასევე იკრძალება კორპუსის ბინაში სამზე მეტი ძაღლის ან კატის ყოლა, თუ მობინადრეების უმრავლესობის თანხმობა არ ექნება. თუმცა, ეს არ ეხება მიკედლებულ და ორ თვემდე ასაკის ძაღლებს. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის გამრავლების უფლებამოსილება მხოლოდ სანაშენეებს ექნებათ.

კანონპროექტი ჯამში 17 მიმართულებას არეგულირებს, მათ შორის საზოგადოებრივ სივრცეებსა თუ ტრანსპორტში ცხოველების გადაადგილების თუ შეყვანის წესებს. როგორც ბითაძემ განმარტა, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული კანონპროექტში ყველა ის რეკომენდაცია, რაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განხილვის დროს ჩართული მხარეების მხრიდან გაჟღერდა. ევთანაზია, სტერილიზაცია/კასტრაციის საკითხი, მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლები – ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დეპუტატებს ჰქონდათ მომხსენებლის მისამართით. კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდგომ, საკითხს კომიტეტზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.