შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს ინფორმაციით, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 2003 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, 29 ნოემბერს, რუსთაველზე აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, ბრალდებულმა გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხოლო, მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებული პირების შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ.

დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა; 34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა; ოთხი პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.