შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პარტიის წევრების განმარტებით, ვებსაიტს, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩევლების რეგისტრაცია უნდა უზრუნველყოს, არანაირი ხარვეზი არ აქვს და ამომრჩეველთა რეგისტრაცია საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მათი თქმით, ხარვეზი მხოლოდ ანდროდის მომხმარებლებისთვის იყო, რომელთაც იდენტიფიკაციისთვის რამდენიმე დამატებითი მონაცემის შეყვანა დასჭირდათ. არსებული პრობლემის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აცხადებდა, რომ შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობდა და ამომრჩეველთა ნაწილი დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა. არჩევნები პარტიაში 28-30 იანვარს არის დაგეგმილი.