შეზღუდვები გზებზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

21:10, 21.03.2026

22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია ავრცელებს. შეზღუდვები შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. კერძოდ, 22 მარტს, ღამის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე; თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით; მოძრაობა ასევე იზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.

სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება გადაადგილება ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით; მოძრაობა სრულად იზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე. მოძრაობა შეზღუდული იქნება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა. ქვეითად მოსიარულეები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლას მხოლოდ მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო უკან ჩამოსვლას გონაშვილის ქუჩის გავლით. ყველა სხვა მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.

 

მსგავსი