შეუთანხმებელი სტრატეგია და უთანხმოება ოპოზიციაში

ახალი გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე – „ლელოს“ ინიციატივამ ოპოზიციურ ფლანგზე დაძაბულობა გაამძაფრა.

მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეამ განსაკუთრებით ის პოლიტიკური ძალები გააღიზიანა, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის გარეშე ილუზიად მიაჩნიათ. თუმცა, მერაბიშვილ-კეზერაშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს „ლელო“, რომელიც მომავალ ალიანსში კარს უხსნის ყველა იმ პარტიას, ვისთვისაც არა მექანიკური გაერთიანება, არამედ ღირებულებითი ერთობაა მნიშვნელოვანი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებით მონაწილეობა იკრძალება, ამიტომ ახალ გაერთიანებაში შესულ პარტიებს ერთიანი სიით და ნომრით მოუწევთ არჩევნებზე გასვლა. როგორც ირკვევა, მომავალი გაერთიანების ფორმირების მიზნით კონსულტაციები დაწყებულია. ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა „ლელოს“ პარტნიორებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც სწორედ მერაბიშვილ-კეზერაშვილის ფაქტორის გამო საკუთარი გუნდით ახალ მენეჯმენტს ღიად უპირისპირდება და რომელსაც წინა არჩევნებზე „ლელოსთან“ თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. თავის მხრივ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანების მიზნით კონსულტაციებზე ეპატიჟება „ნაციონალური მოძრაობა“.