შეტაკებები პოლიციასთან – აქცია გერმანიაში
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში საცხოვრებელი ხარჯების გაძვირების წინააღმდეგ დაწყებული აქცია მალევე ძალადობასა და მაღაზიების დარბევებში გადაიზარდა. ახალგაზრდების ორგანიზებით მობილიზებული აქცია ლოზუნგით „მმართველობას ჯენ-ზი საკუთარ ხელში იღებს“, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაფინანსების სიმცირის, ცხოვრების მაღალი ხარჯებისა და სამხედრო სამსახურის განახლების წინააღმდეგ იყო მიმართული. დღისით დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, ვითარება ღამით დაიძაბა. დაიწყო მაღაზიების დარბევა და ძარცვა, ვიტრინების ჩამსხვრევა, პოლიციასთან შეტაკებები და მოლოტოვის კოქტეილების სროლა.
სამართალდამცველებმა ფრანკფურტის ერთ-ერთი ცენტრალური სავაჭრო ქუჩა გადაკეტეს და დემონსტრანტები დააკავეს. ჰესენის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობიან აქციაში დაახლოებით ასამდე მემარცხენე ექსტრემისტი შეერია, რომელთაც არეულობა გამოიწვიეს.
ფრაკფურტის გარდა, აქციები გაიმართა და ინციდენტები დაფიქსირდა ბერლინში, კელნსა და ჰამბურგში, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.