შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე

დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს 11 პალესტინელი ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას პალესტინური მხარის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია 250-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე „ძალადობრივი წინააღმდეგობის“ შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ძალადობის წაქეზებაში ბრალდებული პირების დასაკავებლად ოპერაცია ჩაატარა. ქალაქ კაფრ კანნაში დაკავებულია „ისლამური მოძრაობის“ ლიდერის მოადგილე, ქამალ ხათიბი.

პალესტინელების მკვლელობა დაგმო პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, რომელმაც მომხდარს „სასტიკი და მართული მკვლელობები“ უწოდა, მან შეერთებულ შტატებსა და გაერო-ს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, გუშინ რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა პალესტინელებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა.