შემოსავლების სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევა - ხაზარაძის გამოხმაურება
მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ამჯერად განხილვის თემაა უძრავი ქონების გაქირავებისას წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებაა. თუ შემოსავლების სამსახურის განცხადებას დავეყრდნობით, პროცესში საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტი იკვეთება. უწყებამ მოკვლევა უკვე დაიწყო, შედეგად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი აარიდა თუ არა თავი მამუკა ხაზარაძემ გადასახადის გადახდას მას შემდეგ, რაც პეტერ ფიშერს თბილისის ცენტრში საცხოვრებელი ფართი მიაქირავა. თუმცა ის, რომ გადასახადს რამდენიმე წლის განმავლობაში არ იხდიდა, დღეს მამუკა ხაზარაძემ საპატიმროდან დაადასტურა. „ლელოს“ ლიდერმა მომხდარი გაუგებრობით ახსნა და განაცხადა, რომ ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ დავალიანება სრულად დაფარა. ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ მისი ოჯახის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მმართველი პარტია კი უკვე რამდენიმე დღეა ინტერესთა კონფლიქტზე, ვენის კონვენციისა და დიპლომატიური ეთიკის დარღვევაზე მიანიშნებს და განმარტებებს „ლელოს“ ლიდერთან ერთად გერმანელი დიპლომატისგანაც ითხოვს.