გლობალური უსაფრთხოების ფორუმი

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი სრულდება – ღონისძიებაში 67 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის არის ქართული დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საერთაშორისო პლატფორმის მთავარი თემა წელს უკრაინისა და ევროპის სამეზობლოსთვის მხარდაჭერისა და მოქმედებების მობილიზებაა. ფორუმის ფარგლებში განიხილებოდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების საკითხი. ასევე, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო რუსეთის პირისპირ არ დარჩეს.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრებიც. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამეზობლოს შესახებ პანელურ დისკუსიაში. პრემიერმა იმ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის გაატარა. მთავრობის მეთაურის თქმით, საშინაო დავალება შესრულებულია – დანარჩენი კი ევროკავშირის გადასაწყვეტია.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ შევსებულ კითხვარზე, განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინის ომი, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მასპინძელი ქვეყანა სლოვაკეთი, ევროინტეგრაციის პროცესში, საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.