შეხვედრა თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენმდივანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ესწრებოდნენ. თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.