შეხვედრა სომხური და აზერბაიჯანული მედიის თანამშრომლებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის „გურჯისტანის“ და სომხურენოვანი გაზეთის „ვრასტანის“ ხელმძღვანელობასთან და რედაქციების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების „მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფას“ ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მშობლიურ ენაზე ინფორმირება, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გრძელდება გაზეთების, „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“ სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოცემა. შეხვედრის მონაწილეებს ახვლედიანმა დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გააცნო, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს რედაქციებს შემდგომი საქმიანობა საჭიროებებთან მეტად მორგებული გახადონ თავის მხრივ, გაზეთების რედაქტორებმა ისაუბრეს განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.