საპატრიარქო რეზიდენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ისრაელის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, სომხეთისა და თურქეთის ელჩები. თითოეულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს.
შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავი აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.