შეხვედრა სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების საკითხებზე
ჯანდაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებმა სექტორში უსაფრთხოების სტანდარტების საკითხებზე შეხვედრა გამართეს. მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობაა. მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.