შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს. საუბარი შეეხო 2 ქვეყანას შორის არსებულ „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს”, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის მთელ სპექტრს მოიცავს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ომის გავლენა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.