შეხვედრა ნატო-ს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობის მიმართულებით – კევინ ჰამილტონს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებზე. შეხვედრაზე აღინიშნა ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც დიდ როლს ასრულებს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მოინახულებს.