შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან
ჩხობაძის სახელობის კლინიკის უმცროს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი. განიხილეს ის ცვლილებები, რომელიც უმცროს ექიმებს სერტიფიცირების საშუალებას აძლევს და ამავდროულად, ხელს უწყობს დეფიციტური პროფესიების შევსებას. ითქვა, რომ მკაცრადაა განსაზღვრული კონტროლის მექანიზმებიც: სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის, უმცროს ექიმს, წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, ჰქონდეს შესაბამისი სტაჟი, უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში. საბოლოოდ, პროფესიული განვითარების საბჭო ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული კანდიდატის საკითხს და მიიღებს გამოცდაზე მისი დაშვების გადაწყვეტილებას. ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში, დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარეს და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობენ, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე, ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.