ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში, 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის პირველი შეხვედრა გაიმართება. მასში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, თუმცა ბრიუსელში მოთმინების რესურსი შესაძლოა იწურებოდეს.
გახარიას პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული პარტნიორები კეთილგონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ შეეზღუდებათ. ლევან მახაშვილის განცხადებით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაიმართება, სადაც მხარეები პოზიციებს გაცვლიან. მისი თქმით, ქართული მხარე ევროკომისიის წარმომადგენლების კითხვებს კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციით უპასუხებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, საქართველოს პოლიტიკურ მოთხოვნებს უყენებს. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და ზღუდავს საქართველოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკა.