შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ამ წუთებშიც დაძაბულია.

ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 4 აზერბაიჯანელი სამხედრო, დაშავებულები არიან ორივე  მხარეს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირება გუშინ დაიწყო. პროვოკაციული ქმედებების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა. სომხეთი კი თავის მხრივ, 12 ივლისს მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სომხეთის საგუშაგოებზე თავდასხმა სცადეს. სომხეთის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით კი ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კუთვნილებაში მყოფი ყველა უპილოტო საფრენი ადგილზეა. ვიდეოკადრები აზერბაიჯანული მედიის მიერაა გავრცელებული.