შარლ მიშელის გზავნილი პოლიტიკურ სპექტრს 

ევროპელი მედიატორის გზავნილი ქართველი პოლიტიკური ლიდერების მისამართით.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებზე კონცენტრირებას ითხოვს. თუმცა დოკუმენტი, რომელმაც აპრილში ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, კვლავ უთანხმოების საგნად რჩება. შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის მიუხედავად, მმართველი პარტია მისი პუნქტების შესრულებას მაინც გეგმავს, რაშიც ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ. მათი სკეპტიციზმის მთავარი მიზეზი მესამე პუნქტი, ანუ სასამართლოს რეფორმა და ხელისუფლების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებაა. „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში 43%-იანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილისთვის დღის წესრიგიდან არ იხსნება მიშელის შეთანხმების მეხუთე პუნქტის დათქმაც, რაც 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობდა. ოპოზიციური პარტიები ამჯერად საკუთარ მოთხოვნას 20 ქალაქში დანიშნული მეორე ტურით ხსნიან.