საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ადამიანი საქართველოში ქვეყნის პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშით ხელისუფლებას ამხობდა. როგორც ცნობილია, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე რუსეთის მხარეს 7 შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შენიშნეს და დროებით შეაჩერეს მოძრაობა – გრძელვადიან პერსპექტივაში, გეგმავენ ამ გზის გამოყენების აკრძალვას.
შალვა პაპუაშვილი ამ განცხადების საპასუხოდ წერს: „7 შეამჩნიეს… შვიდი… თან შეამჩნიეს… და ეს ადამიანი საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა და რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში. რომ ვიცოდეთ მაინც, ვინ მართავს თანამედროვე ევროპას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.