შაბათ-კვირას მოსული კოკისპირული წვიმების შედეგად, ბარსელონაში ვრცელი ტერიტორიები დაიტბორა (ვიდეო)
ორი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, ერთი დაკარგულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც ბარსელონას პროვინციას შაბათ-კვირას კოკისპირული წვიმები დაატყდა თავს.
ტორდერაში, კემპინგის ტერიტორიაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი მონტორნესში დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით, პინედა-დე-მარში, სულ მცირე, ერთი პირი დაკარგულად მიიჩნევა და მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კვირას მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს მდინარე ბესოსის ნაპირებიდან შესაძლო გადმოსვლით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. კატალონიის მთავრობის პრეზიდენტმა, სალვადორ ილიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ კატალონიის ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება კვლავ რთული რჩება.
კვირა დილით კატალონიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს წყლით დაფარული ვრცელი ტერიტორიები. უწყების ცნობით, შაბათიდან კვირა დილის 10 საათამდე, სამაშველო სამსახურის გამოძახების შესახებ 1 465 შეტყობინება შევიდა.