სერბეთი: ბელგრადში, რადკო მლადიჩის დაკრძალვის ცერემონიაზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა (ვიდეო)
მედიის ცნობით, ორშაბათს, 7 სექტემბერს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბელგრადში, წმინდა ლუკას მართლმადიდებლურ ტაძართან, რათა ბოსნიელ სერბთა ყოფილი გენერლისა და მსჯავრდებული სამხედრო დამნაშავის, გარდაცვლილი რადკო მლადიჩის ხსოვნისთვის მიეგოთ პატივი.
მლადიჩი 27 აგვისტოს, 84 წლის ასაკში, ნიდერლანდებში, ჰააგის საპატიმროში გარდაიცვალა.
მისთვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი მივიდა, რადგან, გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, მლადიჩი სერბეთსა და ბოსნიელ სერბთა ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ბევრი სერბისთვის კვლავ პატივსაცემ ფიგურად რჩება.
მედიის ცნობით, რამდენიმე ლოკაციიდან უფასო ავტობუსებიც კი გავიდა, რათა მსურველებს მლადიჩის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ.
ხსოვნისადმი მიძღვნილ ამ ღონისძიებებს ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა 4 სექტემბერს X-პლატფორმაზე დაწერა: „რადკო მლადიჩი გასამართლებული იყო გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობისთვის. ბელგრადში მისი ცხედრის დაბრუნება ევროპას ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ბნელ გვერდებს ახსენებს. გარდაცვალების შემდეგ მისი განდიდება შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლებზეც გადის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ეს გზა მოითხოვს წარსულისთვის თვალის გასწორებას, ნამდვილ შერიგებასა და სამხედრო დანაშაულის მსხვერპლთა პატივისცემას. ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს საერთო მომავალს უდევს საფუძვლად, ვაჭრობის საგანი არ არის. ამ კონტექსტში გადავწყვიტე, რომ სერბეთში დაგეგმილი ვიზიტისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავო“.
ორშაბათს გადაღებულ ამ ვიდეოკადრებში ჩანს რიგში მდგომი ხალხი წმინდა ლუკას ტაძართან, სადაც მლადიჩის ცხედარი იყო დასვენებული.