საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი გაჩერება
ხიზანიშვილის ქუჩაზე იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხუთი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები, დაიხაზა შესაბამისი მონიშვნები.
მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომფორტული გადაადგილებისთვის კი ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით. პროექტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.