საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევა

რვა ხმით საქართველოს პირველი არხის ახალი გენერალური დირექტორი არჩეულია.

ამ პოსტს თინათინ ბერძენიშვილი ექვსი წლის ვადით იბარებს. იმის გამო, რომ რეჟისორმა სანდრო ვახტანგოვმა გუშინდელი გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა, სამეურვეო საბჭომ არჩევანი სამ კანდიდატს – თინათინ ბერძენიშვილს, ირმა სოხაძესა და ხათუნა ლაგაზიძეს – შორის გააკეთა. პოლიტოლოგმა პირდაპირ ეთერში ნაჩვენები ღია კენჭისყრის დროს ერთი ხმა მიიღო, მუსიკოსმა კი – არცერთი.

სფეროს ცოდნა, გამოცდილება, ტელევიზიის განვითარების სწორი ხედვა – ამ არგუმენტებს ემყარება საბჭოს წევრთა დღევანდელი არჩევანი.

უალტერნატივო და  არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული – ასე შეაფასეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა დღეს თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურა. გარდამავალ პერიოდში,  როდესაც თინათინ ბერძენიშვილი გენერალური  დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, საქართველოს პირველმა არხმა „ბიბისის“ ტრენერის ჩართულობით,    წინასაარჩევნოდ ჟურნალისტები გადაამზადა. შემუშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპების სახელმძღვანელოც.