„საზოგადოება ქართულის“ ღია წერილი
„დიდგორის ბრძოლა არ დასრულებულა, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება“ – ამ სათაურით ავრცელებს ვრცელ წერილს „საზოგადოება ქართული“. განცხადების ავტორები საუბრობენ ისტორიკოსთა ჯგუფზე, რომელიც მათივე შეფასებით, ეროვნულ ცნობიერებას ებრძვიან.
„დარწმუნებულები ვართ, ეს პროცესი შემთხვევითი არ ყოფილა. ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მესვეურებმა და მათმა აგენტურამ კარგად იცის, რომ გამორჩეული ისტორიული ფიგურები ხშირად იქცევიან ეპოქის სიმბოლოებად. მათთან ასოცირდება იდეები, ფასეულობები, ღირებულებები და პოლიტიკა. ამიტომ, მათთან ბრძოლა რეალურად არის ბრძოლა იმ იდეების გარშემო, რასაც ისინი წარმოადგენენ. ამიტომ აწყობს ლიბერალურ ფრთას დღეს ყველაზე მეტად ისტორიული ორიენტირების „გადაფასება“ ან „გადაწერა“. უფრო მეტიც, წარსულის მისაბაძი ფიგურების დამნაშავეებად წარმოჩენა და ერის თვითშეგნების ტრადიციული ნაშთებისგან გადატვირთვა“, – ნათქვამია განცხადებაში.