საზღვაო წვრთნები უკრაინაში
საზღვაო წვრთნები უკრაინაში

1 ივლისს დაიწყო და ორ კვირას გაგრძელდა ნატო-ს საზღვაო წვრთნები „Sea Breeze 2019“ უკრაინაში. მასში  დაახლოებით 3000-დე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და  32 სამხედრო ხომალდი და 24 თვითმფრინავი იყო ჩართული.

ნატო-ს შავ ზღვაში ყოფნის გაფართოებისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობაზე   ნატო-ს გენერალური მდივანი ჯერ კიდევ თებერვალში საუბრობდა. მას შემდეგ რეგიონში არაერთი საზღვაო წვრთნა ჩატარდა.  ძალების მობილიზება რუსულმა ფლოტმაც მოახდინა და თავის მხრივ, საპასუხო წვრთნებიც ჩაატარა, თუმცა რეგიონში არსებული ვითარება ალიანსისთვის ბევრად უფრო მყიფე გახდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა შესყიდული რუსული შეიარაღება მიიღო და სულ მალე მის ექსპლუატაციასაც დაიწყებს.

უკრაინაში წვრთნებში, მასპინძლების ჩათვლით, 20 ქვეყანა მონაწილეობდა:  ბულგარეთი, კანადა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდავეთი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები და რაც ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს – თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსისთვის და პარტნიორი ქვეყნებისთვის  ანკარის საგარეო პოლიტიკა ბევრ შეკითხვას ბადებს.

გარდა კლასიკური საზღვაო მანევრებისა, წვრთნების სცენარით გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ელემენტის დამუშავება: მათ შორის, მდინარე დუნაიზე სამოქალაქო ტრანსპორტის ესკორტირება,  დაშვებები ვერტმფრენებიდან წყალში, გემბანზე, კუნძულებზე, ასევე წყლიდან ხმელეთზე დესანტირება.

„Sea Breeze 2019“-ის მონაწილე ხომალდები ოდესის აკვატორიაში

საინტერესოა, რომ რუსეთმა, ნატო-ს წვრთნების პარალელურად, განახორციელა „გეგმიური“ აქტივობები იმავე აკვატორიაში, რაშიც მისი ათი ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის, შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდები „აზოვი“ და „ცეზარ კუნიკოვი“.  ასევე საბრძოლო მორიგეობაზე გადაიყვანეს რუსეთის საზღვაო ავიაცია და სანაპირო სარაკეტო კომპლექსები „ბალი“ და „ბასტიონი“.

დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“

ამასობაში, უკრაინულ ოჩაკოვში გაიხსნა უკრაინის საზღვაო ძალების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც ამერიკელებმა ააგეს. ცენტრის დანიშნულება უკრაინის საზღვაო ძალების მოქმედების კოორდინაცია და რუსეთის სამხედრო ხომალდებზე დაკვირვებაა, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების ინტერესებისთვისაც. ძნელი სათქმელია, საპასუხოდ რას მოიმოქმედებს კრემლი.  როგორც წესი, ძალის დემონსტრირება რუსეთს საპასუხო ნაბიჯებისკენ უბიძგებს, აღსანიშნავია ისიც, რომ ყირიმის ანექსიით რუსულმა ფლოტმა შავი ზღვის შუა წელზე მოიპოვა კონტროლი,  თუმცა ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ მხოლოდ კომუნიკეთი არ შემოიფარგლებიან და ამის დასტური სწორედ უკრაინაში ჩატარებული უკანასკნელი წვრთნებია.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.