სატელეფონო საუბარი მაკრონსა და ივანიშვილს შორის - პოლიტიკური შეფასებები
ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ცნობით, დისკუსია საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
ინფორმაცია გაავრცელა ელისეის სასახლემაც. ამ ცნობის მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. „მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა ისიც, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებელად აისახება ის მიმართულებები, რომელიც უკვე იყო არჩეული ან იქნება არჩეული. მაკრონი გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საქართველოს ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების გათვალისწინებით, რომელსაც მაკრონი კიდევ ერთხელ მიესალმა“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ ცნობის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელდა დამატებითი ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს.
ემანუელ მაკრონის ინიციატივა და ბიძინა ივანიშვილთან გამართული სატელეფონო საუბარი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, მაკრონმა ივანიშვილს ძალადობის დასაგმობად და შეშფოთების გამოსახატავად დაურეკა. მათი შეფასებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ცალსახად გმობს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და იმ ძალადობას, რასაც ორი კვირის განმავლობაში ყველა ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის სატელეფონო ზარი მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან არის დასტური, რომ როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან ურთიერთობა გადაიტვირთება.