საქართველოში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. განხილვის მთავარი თემაა ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის პირველი პირის სატელეფონო ზარი. საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა. კომუნიკაციის დროს მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები იყო. საფრანგეთის პირველი პირის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა შექმნილი მდგომარეობის განმუხტვაში წვლილის შეტანის შესახებ. მონაწილეობის შესახებ.
მაკრონის გზავნილებსა და განცხადებებს ხელისუფლებისა და ოპონენტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათ შორის ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხითაც. სატელეფონო საუბრამდე იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მათ შორის პარიზში ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შორის შეხვედრა. ახლა განსაკუთრებული ინტერესია მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის მიმართ, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს საკითხზე უნდა იმსჯელონ.
ბრიუსელიდან დაანონსებული გარკვეული ზომების ფონზე, საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ უპირობო მხარდაჭერის პირობა გაიცა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნიდან, უნგრეთიდან, რომლის პრემიერი აშშ-ში დონალდ ტრამპს პირისპირ ესაუბრა. ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებისა და განცხადებების ფონზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში პროგნოზები და მოლოდინები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია.