კიდევ ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს ნოემბერ-დეკემბერში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ კიდევ რვა პირს. ჯგუფური ძალადობის ნაცვლად, ჯგუფური მოქმედება – სამ ბრალდებულს წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალა. ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება – ხელმძღვანელობაში, დანარჩენი ხუთი დაკავებული კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავეებად სცნეს. მოსამართლის ვერდიქტს ორივე მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პროკურატურა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მოსამართლე გადაწყვეტილებაში დაზარალებულ სამართალდამცველებსა და დაზიანებულ ქონებაზე მიუთითებს. დაცვის მხარე კი საქმეში არარსებულ მტკიცებულებებსა და ცრუ მოწმეებზე საუბრობს.