სასამართლო სხდომა „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების საქმეზე

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომა იწყება, სადაც მოსამართლე „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ფაქტზე ორი პირია დაკავებული, მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბიანმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც, იარაღის მუქარით, მათი პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გაიტაცეს. მოგვიანებით, ბრალდებულებმა, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით, განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.