პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. შალვა პაპუაშვილი მსოფლიო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის პოზიციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით, საქართველო ალბანეთზე, მოლდოვასა და უკრაინაზე მაღლა დგას ყველა პარამეტრით.
„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას. ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვასა და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე წინ დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, ე.წ ვეტინგის სისტემა ისევ სადავო თემაა – სამუშაო ჯგუფის ფორმატში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდს სასამართლოს რეფორმირების ალბანური მოდელის გაზიარება მოთხოვა.