სასამართლო პროცესი

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებული დაეთანხმა პატიმრობას, თუმცა განაცხადა, რომ ტრაგიკული შედეგი მისი მიზანი არ ყოფილა. სასამართლოში მივიდა გარდაცვლილის დედაც და სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.

საუბარია 2 იანვარს ვარკეთილში, ე. წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე  მომხდარ შემთხვევაზე. გამოძების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები, რის გამოც ეს პირი გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაპირისპირება კი აღნიშნული 2 პირის მიერ    ბრალდებულის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე დაიწყო.

საგამოძიებო უწყების განცხადების მიხედვით, გამოძიება სამ იანვარს დაიწყო, ხოლო მეორე დღეს მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბრალდება დამძიმდა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს ან ბრალი დამძიმდეს. თუმცა, დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს, რომ დანაშაული ჯგუფურად იყო ჩადენილი.