დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
ბრალდების მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულების – ფსიქიატრიული ექსპერტიზის დართვის და ექსპერტების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც დაკმაყოფილდა. დასკვნის მიხედვით, ნინო დათაშვილი ჯანმრთელია. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ნინო დათაშვილის წინააღმდეგ არაა, თუმცა მათი მტკიცებით, აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება კანონდარღვევით მოხდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურამ სასამართლოს განჩინება, საზოგადოების წნეხის შემდეგ, სტაციონარში გადაყვანაზე თვითნებურად შეცვალა და დათაშვილს მოტყუებით ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარა. ადვოკატების თქმით, დათაშვილს არ უთხრეს რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდებოდა. ბრალდების მხარე ადვოკატების ბრალდებებს უარყოფს. როგორც პროკურორმა განაცხადა, მათ არ შეუცვლიათ სასამართლოს დადგენილება და ექსპერტიზა ადვოკატის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვეს. მისივე თქმით, დათაშვილი ექსპერტიზის წინააღმდეგი რომ ყოფილიყო არ ჩაუტარდებოდა. დღესვე დაცვის მხარემ, სასამართლოს აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების მტკიცებით, დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურია და აღნიშნული სასამართლო საქმეზე ობიექტურ განაჩენს ვერ გამოიტანდა. ისინი საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვას ითხოვდნენ, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შემდგომი სხდომა 8 სექტემბერს მხარეთა შესავალი სიტყვებით გაგრძელდება.