თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი მომდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, ასევე დაკითხავენ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პოლიციელებს. პროკურატურას დღევანდელ პროცესზე რვა მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, ხუთი სამართალდამცველი და სამი გამომძიებელი. ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა გიორგი ზამბახიძემ, სხდომაზე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ და მან თვალის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა, კონკრეტულად ვინ ესროლა, არ დაუნახავს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.