სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა - გამოხმაურებები

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას. ბადრი ჯაფარიძის კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძე პროკურატურას არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას „გათეთრების უბადრუკ მცდელობაში” ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. წერილის დედანი, რომელზეც ხაზარაძე მიუთითებდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა. უწყების ცნობით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება მოხდა, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

ცოტა ხნის წინ, პროკურატურის განცხადებაზე მცირე კომენტარი გააკეთა პრემიერმა. ის ე.წ. მუქარის წერილის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლითაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მტკიცებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წერილში გიორგი გახარია ხაზარაძეს ტელეკომპანია „არტარეას“ ობიექტურობის მაღალ ხარისხს ითხოვდა.