„გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე დაფიქრდით, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს, შეიძლება, მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. ” – ამ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს და თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხო ქვეყნის მოქალაქის შესვლის რისკფაქტორები. ასევე, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, შეიძლება, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე, გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, მაღალი ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლის დროს, შესაძლოა, ეს ჯარიმები დაუყოვნებლივ გადაგახდევინონ“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.