საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული პირები იტალიაში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი და მათგან ხუთს კორონავირუსი დაუდასტურა, დანარჩენი კონტაქტების კვლევა გრძელდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.