საქართველოში 9 კგ ჰაშიშის შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოში დიდი ოდენობით, 9 კილოგრამი ჰაშიშის შემოტანის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

1992 წელს დაბადებული მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად აიყვანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე საფოსტო კომპანია DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჩხრეკისას მას ამოუღეს ამანათი, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 9 კილოგრამი ჰაშიში იდო. გამოძიების ცნობით, ნარკოტიკი ქვეყანაში გერმანიის გავლით ნეპალიდან ჩამოვიდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.