საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება

რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.

საკითხზე განმარტებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გავრცელებული ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებასა და სხვა საკითხებს. შეთანხმებას 19 დეკემბერს ხელი თბილისში გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

საკითხს მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული, იოახიმ შტამპი გამოეხმაურა. როგორც ის „ტვიტერის“ გვერდზე წერს, იქმნება მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივი ჩარჩო. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების შემცირებისა და მოწესრიგებული მიგრაციის გაძლიერებისთვის, რაც სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – აცხადებს გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული.