ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული სამშობლოში დაბრუნდა. მან შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა და პარალიმპიადის ვიცეჩემპიონი გახდა. მედალოსანს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. მათ შორის იყო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ოლიმპიადების ათგზის მონაწილე, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს მოპოვებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. დღეს კი პარიზში ორი ქართველი პარაძიუდოისტი ასპარეზობს. ფინალურ ბლოკში რევაზ ჩიკოიძე ოქროს, ლაშა ყიზილაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.