ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეჩერებული დიალოგი და გაუარესებული ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებსა და რეზოლუციებში არ აისახება. ბრიუსელის უკმაყოფილება და „ქართული ოცნებისადმი“ ნეგატიური დამოკიდებულება ვლინდება მაშინაც, როცა საქმე ომების და კონფლიქტების გამო გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ენერგომატარებლების ალტერნატიული გზების და მარშრუტების ძიებას ეხება.
საქართველოს მზარდი სატრანზიტო პოტენციალი და როლი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან იგნორირებულია, რაც შავი ზღვის მეშვეობით დაკავშირების თემაზე საუბრის დროს კონკრეტული განცხადებებით არაერთხელ დადასტურდა. სამაგიეროდ მჭიდრო რეგიონული კავშირები და ამ კონტექსტში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი იყო აქცენტირებული სომხეთის პრემიერის გამოსვლაში, რომელმაც ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაყინული დიალოგი ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე გამოწვევაა. შუა დერეფნის პროექტში, რომლის მიმართ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ინტერესი მკვეთრად გაზრდილია, საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ბრიუსელს სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი ქვეყნის პირველმა პირმაც მიუთითა. ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამ და ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ კი ბრიუსელის დღის წესრიგში ალტერნატიული ენერგეტიკული ბაზრების მოძიების და ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის საკითხი კიდევ უფრო გაააქტიურა.
ამ ფონზე რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მზარდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დაძაბულობას – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.