საქართველოს საპატრიარქო სერბეთის პატრიარქისგან განმარტებებს ელოდება

საქართველოს საპატრიარქო სერბეთის პატრიარქისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის გამო განმარტებებს ელოდება.

თბილისიდან სერბეთის საპატრიარქოში შესაბამისი წერილი გასულ კვირას გაიგზავნა. პირველ არხს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, რომ წერილი სერბეთის საპატრიარქოს ანალოგიურმა განყოფილებამ მიიღო, თუმცა, პასუხი ჯერ არ არის.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ წერილი გამოხატავს უკმაყოფილებას, სერბეთის საპატრიარქო რეზიდენციაში პატრიარქ ირინეოსის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მასპინძლობასთან დაკავშირებით.

სერბეთის პატრიარქი ანატოლი ბიბილოვს 12 იანვარს შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად დე ფაქტო რეჟიმმა გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ მხარეებმა საერთო ქრისტიანულ საკითხებზე იმსჯელეს.