კრიტიკის და გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ დიპლომატიური ზომა – გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ფაქტს საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისგან, რომელსაც ხელისუფლების პირველი პირები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე და რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერაზე ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებენ. ელჩი სამინისტროში გამოძახებას დიპლომატიურ სანქციად მიიჩნევს და ქვეყნის საგარეო კურსს ევროკავშირის წევრობასთან შეუსაბამოდ კიდევ ერთხელ აცხადებს. როგორც ირკვევა, პეტერ ფიშერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა, რომელმაც ელჩს ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი შეახსენა და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონების პატივისცემისკენ მოუწოდა. როგორც სამინისტროს პოზიციიდან ირკვევა, უწყებას ასევე აინტერესებს, რის საფუძველზე გამოთქვამს გერმანიის საელჩო ბოლო პერიოდში შეშფოთებას სიძულვილის ენის გაღვივებაზე და რატომ ესწრება ელჩი სასამართლო პროცესებს. გერმანია ერთ-ერთია ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის, რომელთა სახელით დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკმაოდ მწვავე შინაარსის განცხადება გაავრცელა და ცალკეული ქვეყნების საელჩოების მისამართით ხელისუფლების ბრალდებებს უპასუხა.