საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება

12:09, 08.09.2025

გამარჯვებით დაასრულა შეხვედრა საფეხბურთო ნაკრებმაც. 3:0 დაამარცხეს ბულგარეთი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა და ჯგუფურ ეტაპზე მეორე გოლი გაიტანა. 43-ე წუთზე მიქაუტაძისა და დავითაშვილის მიერ სწრაფად განვითარებული შეტევა ნიკა გაგნიძის გოლით დასრულდა. ეს ნაკრებში მისი სადებიუტო გოლი იყო. მეორე ტაიმში გიორგი ქოჩორაშვილის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა გოლი. ის 21-ე სანაკრებო გოლით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს კიდევ უფრო მიუახლოვდა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ორი ტურის შემდეგ, ესპანეთის და თურქეთის მსგავსად, სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. შემდეგ შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს ესპანეთის ნაკრებთან, უკვე ესპანეთში გამართავს.

მსგავსი