მზადება „ევრო 2024“-სთვის - პრემიერი ნაკრების წევრებს შეხვდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2024“-სთვის მზადებას აგრძელებს. გერმანიის ქალაქ ფელბერტში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ჩვენმა გუნდმა პირველად ივარჯიშა.

ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს დღეს ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე შეხვდნენ. სპორტსმენებს მათ წარმატება უსურვეს და კიდევ ერთხელ ილაპარაკეს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე, რომელმაც ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.